მთავარი » 2010 დეკემბერი 27 » ნიკო გომელაური
9:06 PM ნიკო გომელაური | |
ღმერთს არ ეშლება, როცა თქეშია. არ ეშლებოდა შექსპირს კაფია. მე კი, შემინდეთ, ბევრი შემშლია. ესეც პატარა ეპიტაფია... *** წარმომავლობით ძველ-ბერძენია. სთქვა: ის ვიცი რომ, არა ვიცი რა! ჩემს საქმეში კი ყველა ბრძენია -მე რაც არ ვიცი, ისიც იციან... *** სამშობლო მართლაც ჩემი ხატია! -ამ ხატს რამდენი ჭუჭყი ატყვია?! *** ღვთის წინაშე ჩემი ბრალი არის ის, რომ სულ ვარ მთვრალი: ღვინით, ლექსით, წვიმით, სექსით, სცენით, სიმით, ამით, იმით... მუდამ ასე მიწევს თრობა -ჩემი ,,მე,, ამით ერთობა... *** პოეტი, ურცხვი სუტენიორია! ეს სიმართლეა განა ჭორია. როცა ლექსებით წიგნი ევსება, მის მუზას ყველა ეალერსება... *** ვის გაუგია ივლისში თოვა?! მაგრამ, თუ მთხოვე, მე თოვლად მოვალ. მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს, რომელიც თოვლის ალერსით ყვავის... *** წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა, მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის, ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა, აღიარება მომბეზრდა ბრალის. *** წავედი... ალბათ არ ღირდა წასვლა, არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა, არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა, არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა. *** რაღაც... უცებ... სადღაციდან რომანტიზმი მეცა... კი მოვწყვეტდი ვარსკვლავს ციდან -მენანება ზეცა! *** ზეციდან კი არ დავწყვიტავ (ასე კი არ ვაფრენ) -ვარსკვლავებად გადავწყვიტე, ჩემს სტრიქონებს გავფენ... *** აღარც ფიცი არ მწამს. არც მაკვირვებს ბოლო. შენზე ფიქრი დამწვავს, შე... ქალღმერთის ტოლო! *** არ ვიქნები ფიცხი. ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ: სხვას მიეცი ფიცი, მე მომეცი,,ბოლო"... *** მინდა რომ, ჩემო ლამაზო, ერთი რამ შემოგთავაზო: ეგ კულულები მკერდზე მეფაროს, შენი სიზმრების დაცვა მებაროს. შენ, ჩემი გულის ფეთქვას განაგებ, მე კი, ლექსებით მოგამარაგებ... *** შენი ხელი ხელს ჰბანდა, შენი ხელი ცვდებოდა. მეც გეცვითე ხანდახან, განა მეწყინებოდა... *** ვუყურებ სარკეს და მაინც შენ გხედავ!.. გიყურებ - მამტვრევს, მაგრამ თქმას ვერ ვბედავ. *** ტვინიდან, უაზრო აზრებსაც ვერ ვდევნი. ხარ გამოგონილი ჩემს მიერ შედევრი. *** რამდენჯერ დავღონდი, რა აღარ ვიღონე... რაში მჭირდებოდა, რად გამოგიგონე?... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |