მთავარი » 2011 ივნისი 10 » პაემანი
3:31 PM პაემანი | |
პაემანი
დღეს ძალიან ცხელა... ასეთი მწველი, ალბათ, არასდროს ყოფილა მზე. ჰაერი თითქოს ერთ წერტილში შეიკრა და აფეთქებას ელოდება, რომელიც აფორიაქებულ სულს სამყაროს უსასრულო სივრცეში გაფანტავს და ნეტარ სიმშვიდეს მოუტანს. სახლში, იატაკზე, ხალიჩაზე ვწევარ... ველოდები... ძალიან მომენატრა... თავში ათასი ფიქრი მერევა, მერევა როგორც შლეგი ღრუბლები, მაგრამ ბოლოს ყველა მათგანი ერთდება და ნისლით გაჯერებულ გონებაში მხოლოდ მის სახეს ვხედავ... მიღიმის... ოთხ საათზე უნდა დარეკოს; ახლა ოთხს უკლია თხუთმეტი. ძალიან ნელა გადის დრო; იმდენად ნელა, რომ დედამიწის ბრუნვას ვგრძნობ, თითქოს სამყაროს ცენტრში ვდგავარ და ყველაფერი ჩემ ირგვლივ ტრიალებს... თავბრუ მესხმის. კვლავ ვწევარ... ველოდები... უეცრად ტელეფონი აწკარუნდა! - ძალიან მომენატრე!... ასე მგონია, ათასი დანით მაქვს გული დასერილი, უშენოდ სამყარომ სუნთქვა შეწყვიტა და სული შემეხუთა! რაც შეიძლება მალე უნდა გნახო, ხუთ წუთში მანდ ვიქნები! ხო, ნელა ვივლი. თბილისის რამდენიმე ქუჩამ სწრაფად გაირბინა თვალწინ და როგორც იქნა, ზაფხულის ცხელი ჰაერი ჟანგბადით დაიტენა - თვალები... თვალები უძირო და მოცინარი, რომელშიც თავდავიწყებით ვიძირები და მინდა სამუდამოდ მისი ტყვე გავხდე... ღმერთო, როგორ მომნატრებია... გულში მჭიდროდ ჩავიხუტე და ხარბად ჩავისუნთქე თმის სურნელი, რომელიც ნესტოებს მიხეთქავდა და ყვავილზე მიჯაჭვული ფუტკარივით მათრობდა. ასე ვტკბებოდი ერთ ხანს გაბრუებული, ხოლო შემდეგ გველნაკბენივით მოვიწყვიტე მკერდიდან, რომ მასზე ცქერით დამეპურებინა მონატრებით გაუმაძღარი მზერა... - წავიდეთ! - სადი - მიღიმის. - მზის ჩასვლა მომენატრა! - რა ჩაიფიქრეი - კვლავ მიღიმის. - გამთენიისას აქ ვიქნებით... რამდენიმე წუთიც და დიდი სიჩქარით მივაპობდით სიცხისგან გათანგულ ჰაერს, ისიც წინააღმდეგობას არ გვიწევდა, პირიქით - თითქოს შემსუბუქებულიყო, გაფართოებული თვალებით გვიყურებდა და რაღაც უხაროდა, ბავშვივით. ზღვის მოახლოვება მთელი სხეულით ვიგრძენი. მოუთმენლობის ცახცახმა ამიტანა, თითქოს დედამიწას ვტოვებდი და სხვა, ზღაპრულ სამყაროში გადავდიოდი. თვალები ავუკარი. ისიც აფორიაქდა, სხეულში ადგილს ვეღარ პოულობდა, უამრავ კითხვას მისვამდა... ავტომობილი გავაჩერე და თვალახვეული, ხელიხელჩაკიდებულმა ზღვაში შეჭრილ კიდეზე გავიყვანე. უხილავი ტალღების ხმა მის ნებისყოფას კიდევ უფრო ახელებდა და კლდეზე ყოველი მინარცხებით ულმობლად ამსხვრევდა. როგორც იქნა მივაღწიეთ იმ ადგილს, სადაც სამყარო იბადება, სადაც ზღაპარი იწყება და საიდანაც სიყვარული იღებს სათავეს, რომელსაც სასრული არ გააჩნია. კლდის ქიმზე, სახით ზღვისკენ დავაყენე, თვალებიდან სახვევი მოვხსენი და ზღვა... მეწამულისფერი, ნარინჯისფერი, ცისფერი, რუხი, იასამნისფერი, მზის ფერი და კიდევ ღმერთმა იცის, რამდენი ფერი; რამდენი ოცნების, სევდის, სიხარულის, სიყვარულის დამტევი... ყოველი ტალღა ახალ ზღაპარს უყვება მზეს, რომელიც დასაძინებლად ზღვის კალთაში მიემართება. ზღვას კი არასდროს სძინავს და ხარბად ტკბება ცხოვრების ყოველი წამით! ზურგიდან ჩავეხუტე... ძალიან ბევრი სათმელი დაგვიგროვდა, მაგრამ ორივეს გვეშინოდა იდეალური ჰარმონიის დარღვევის და ჩვენ სათქმელსაც გახელებული წყალი ამბობდა. დიდხანს ვიდექით ასე... დიდხანსი! ალბათ მთელი ცხოვრება. უცბად სიმყუდროვე დაირღვა: - ხედავ იქი ნაპირთან რაღაც ცურავს. იქეთ გავიხედე, საითაც მიმითითა და მოცურავე საგანში ბოთლი ამოვიცანი... რაღაც მეცნო და სწრაფად ჩავირბინე ნაპირთან. ბოთლი წყლიდან ამოვიღე. შიგნით წვრილად დახვეული ფურცელი ეგდო, თავი კი მაგრად ქონდა მოხუფული. სასწრაფოდ გავხსენი და ფურცელი გავათავისუფლე... მასზე ეწერა: "მსურს ბედნიერება გაჩუქო და ეს თავად დაიმსახურე, რადგან მიპოვნე მე - ბედნიერება!” ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა - ეს ხომ ჩემივე ნაწერია... შარშან ზაფხულში თავად ვისროლე ეს ბოთლი ზღვაში... მაგრამ რა საოცარია, ფურცლის მეორე მხარეს სხვადასხვა სახელები წერია, როგორც სჩანს იმათი ვინც ჩემამდე იპოვა ეს "განძეული” და შემდეგ ისევ ზღვას დაუბრუნა... მეც მჭიდროდ მოვუხუფე ბოთლს თავი და ისიც მყისვე ზღვაში გაუჩინარდა ბედნიერების დასარიგებლად. ცაზე ვარსკვლავები აციმციმდა ათასი ცეცხლივით. ღამემ ჭორფლიანი სახე გამოაჩინა და სიმშვიდე მოიტანა. ჩავეხუტე... ცხელი სუნთქვა ერთმანეთს შეერია და ვნება შვა. თვალუწვდენელი მორევის ფსკერზე აღმოვჩნდით... და უეცრად ჭექა-ქუხილივით გაისმა ტელეფონის ზარი! მეხნაცემივით წამოვჯექი ხალიჩაზე და პირველი რაც ჩემ მზერას შეეფეთა კედლის საათი იყო, რომელიც ზუსტად ოთხს უჩვენებდა. ღმერთო რა ხდება, ნუთუ ყველაფერი თავიდან იწყება... რა მშვენიერი სიურპრიზებით არის ცხოვრება სავსე! იქვე, ჩემ გვერდით, იატაკზე ტელეფონს დავწვდი: - ძალიან მომენატრე!... ასე მგონია, გული ათასი დანით მაქვს დასერილი, უშენოდ სამყარომ სუნთქვა შეწყვიტა და სული შემეხუთა! რაც შეიძლება მალე უნდა გნახო! - ხო, მეც მომენატრე, მაგრამ უნდა მაპატიო... მეგობრებს შევპირდი დღევანდელი დღე მათთან გამეტარებინა. ხვალ ვნახოთ ერთმანეთი ხოი! - ხვაალი! ხვალ გვიანი იქნება. - რა იქნება გვიანი? - ახლავე უნდა გნახო, რომ ბედნიერება ვიპოვოთ. - ბედნიერებაი - ხო, ბედნიერება! ის ხომ აქვეა, ახლოს, მხოლოდ ხელის გაწვდენაა საჭირო, ხოლო ხვალ სხვა ნაპირზე გაცურავს! - მართალი გითხრა ვერ გავიგე, თუ რატომ არ შეიძლება გადავდოთ პაემანი, მაგრამ ერთი ვიცი, რომ მეგობრებს ხათრს ვერ გავუტეხ. ჩვენ კი, მოგვიანებითაც შეიძლება ვიპოვოთ ის, რასაც ვეძებთ, ასე რომ ხვალამდე... - ცდები... ის უკვე კლდეს შეელეწა და დაიმსხვრა... მშვიდობით! ცას ოხშივარი ასდის... მზე ძალიან იკბინება... ალბათ ამაღამ იწვიმებს... თხუთმეტი წუთით... | |
|
სულ კომენტარები: 3 | |
| |