მთავარი » 2010 » დეკემბერი » 26 » რა გალეულს და ფერწასულს გხედავ
9:04 PM
რა გალეულს და ფერწასულს გხედავ
რა გალეულს და ფერწასულს გხედავ,
ჩემო პაწია, ცოდვილო დედა,
ვაიმე, როცა შენს გულთან მჭრიდნენ,
რაიმე ხომ არ გატკინე ნეტა.

არ შეგეშინდეს, შვილი ვარ შენი,
შენი ტანჯული სისხლი და ხორცი,
ნიავი ვარ და მგონია გშველი, -
სიცხიანს, მწუხარს კულულზე გკოცნი.

მაგ ბავშვურ შუბლსაც გიკოცნი მორცხვად,
გაბუსხულ ტუჩსაც, ბავშვურად ლამაზს...
ახლა სული ვარ და უფალს ვლოცავ -
შენს გადარჩენას ვულოცავ მამას.

მადლობა უფალს, რომ არ დაგვღუპა,
არ დამიობლა ძმები და დები.
მე კი, ბარტყივით ტანშეუბუმბლავს
ცად ანგელოზმა მაჩუქა ფრთები.

როგორ მინდოდა, მეც მოგსწრებოდი,
მეც გამეხარა ამ სამზეოთი,
მეც დამეძახა შენთვის „დედიკო"
და მამას ყელზე შემოვხვეოდი.

ჩაწნული ვიყავ მომავლის ფიქრთან,
როგორც პეპელა ყვავილში რგული,
დაბადებამდე რამდენი მიკლდა,
ითვლიდა ჩემი პაწია გული.

ალბათ, გგონივარ დაღლილი სხივი,
ალბათ, გგონივარ სუნთქვა სიოთა,
შენ ხომ უძლებდი საკუთარ ტკივილს,
მე კი, ძვირფასო, შენიც მტკიოდა.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 918 | დაამატა: tornike015 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]